ბიბლია

ისტორიული წიგნები

პირველი ნეშტთა

თავი 13

1
ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და ყველა წინამძღოლს,
2
და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ სასიკეთოდ მიგაჩნიათ ეს საქმე და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს და ლევიანებს მათ ქალაქებსა და ველებზე, რათა შემოგვიერთდნენ.
3
ჩვენთან გადმოვიტანოთ ჩვენი ღმერთის კიდობანი, რადგან არც კი მოგვიკითხავს იგი საულის დღეებში”.
4
და თქვა მთელმა კრებულმა „ასე იყოს”, ვინაიდან მოსაწონი იყო ეს საქმე ხალხის თვალში.
5
შეკრიბა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსატანად.
6
ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალ-ათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოეღოთ ღვთის კიდობანი, ქერუბებზე მჯდომი უფალი ღმერთისა, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება.
7
შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ყუზა და ახიო მიუძღვოდნენ ურემს.
8
მთელი ძალით დღესასწაულობდნენ დავითი და მთელი ისრაელი სიმღერებით, ქნარებით, ჩანგებითა და დაფდაფებით, წინწილებითა და ბუკებით ღვთის წინაშე.
9
ქიდონის კალოსთან რომ მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან ურემი დააყირავეს ხარებმა.
10
აღენთო უფლის რისხვა ყუზაზე და ადგილზევე განგმირა იგი კიდობანზე ხელის მიშველების გამო; და მოკვდა იგი იქვე ღვთის წინაშე.
11
დამწუხრდა დავითი, რომ მოაკვდინა ყუზა უფალმა და უწოდა იმ ადგილს ფერეც-ყუზა.
12
შეეშინდა დავითს ღმერთისა იმ დღეს და თქვა: "როგორ მივიტანო ჩემამდე ღვთის კიდობანი?”
13
აღარ წამოიღო დავითმა კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა.
14
სამ თვეს დარჩა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლსა და სამკვიდრებელში. და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი.