საყოველთაო წერილები
პირველი იოანესი
თავი 1
1
იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე.
2
რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;
3
რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
4
ამას გწერთ იმისთვის, რომ სრული იყოს თქვენი სიხარული.
5
აჰა, უწყება, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ: ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6
თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.
7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.
8
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
10
თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.