პავლეს წერილები
პირველი თესალონიკელთა მიმართ
თავი 1
1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
2
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.
3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.
4
ვინაიდან ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო.
5
რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.
6
თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
7
ისე, რომ ნიმუშად იქეცით ყველა მორწმუნესათვის მაკედონიასა და აქაიაში.
8
ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყველა სხვა ადგილსაც მისწვდა თქვენი ღვთისადმი რწმენა ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი.
9
ვინაიდან თვითონვე ჰყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,
10
და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.