ბიბლია

მცირე წინასწარმეტყველები

ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1

1
ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2
თქვა: უფალი დაიგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; მწყემსთა საძოვრები გახმება და ქარმელის მწვერვალი გამოშრება.
3
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.
4
ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს.
5
დავლეწ დამასკოს ურდულს, მოვკვეთ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში! - ამბობს უფალი.
6
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ღაზას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან მთელი ხალხი გადახვეწეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.
7
ცეცხლს დავცემ ღაზას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
8
მოვკვეთ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი! - ამბობს უფალი.
9
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.
10
ცეცხლს დავცემ ცორის გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
11
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.
12
ცეცხლს დავცემ თემანს და ცეცხლი შეჭამს ბოცრას ციხე-დარბაზებს.
13
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ყამონს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ორსულ ქალებს ფატრავდნენ გილყადში, თავიანთი საზღვრები რომ გაეფართოებინათ.
14
ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;
15
ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის მთავრებთან ერთად! - ამბობს უფალი.