მცირე წინასწარმეტყველები
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 4
1
ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებო, სამარიის მთაზე რომ ხართ, ღარიბთა შემავიწროებელნო, გლახაკთა მჩაგვრელნო, თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით: მოიტანე, დავლიოთო.
2
თავისი სიწმიდე დაიფიცა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოგეწევათ დღეები და წაგათრევენ კავებით, თქვენს ნარჩენს კი - სათევზაო ანკესებით.
3
გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ; გადაყრილ იქნებით ჰარმონში! - ამბობს უფალი.
4
მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს - თქვენი მეათედები.
5
სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! - ამბობს უფალი ღმერთი.
6
კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პური მოგაკელით ყველა თქვენს ადგილზე, მაგრამ არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
7
წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი - გამომშრალი.
8
ქალაქიდან ქალაქში დადიოდა ხალხი, წყალი რომ დაელიათ; ვერ დაიცხრეს წყურვილი, მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან! - ამბობს უფალი.
9
ჟანგითა და ობით გმუსრავდით, თქვენს ბაღ-ვენახს, ლეღვსა და ზეთისხილს მუხლუხო ჭამდა, მაგრამ, მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
10
გამოგიგზავნეთ მომსვრელი ჭირი, როგორც ეგვიპტეს, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ნადავლად იტაცებდნენ თქვენს ცხენებს, თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს სწვდებოდა, მაგრამ მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
11
ჩამოგამხეთ, როგორც სოდომი და გომორა დაამხო ღმერთმა; ცეცხლისგან გადარჩენილი, ნახევრად დანახშირებული ტოტივით იყავით, თქვენ კი მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
12
ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ; ასე ვიმოქმედებ, მოემზადე შენს ღმერთთან შესახვედრად, ისრაელ!
13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.