ბიბლია

მცირე წინასწარმეტყველები

ამოს წინასწარმეტყველი

თავი 6

1
ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.
2
გაიარეთ ქალნეში და ნახეთ, მერე დიდ ხამათში გადადით და ჩადით ფილისტიმელთა გათში. უკეთესნი ხართ ამ სამეფოებზე? განა მათი საზღვრები თქვენს საზღვრებზე დიდია?
3
ცდილობთ, რომ გადაწიოთ უბედურების დღე, და იახლოვებთ ძალადობის ზეიმს!
4
სპილოსძვლის სარეცლებზე განრთხმულხართ და თქვენს საწოლებზე ნებივრობთ, საუკეთესოს მიირთმევთ ფარიდან და ნასუქალ ხბოებს.
5
ქნარის ხმაზე მღერით და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.
6
თასებით მიირთმევთ ღვინოს, საუკეთესო ნელსაცხებლებს იცხებთ, იოსების უბედურება კი არ გაწუხებთ.
7
ამიტომ პირველნი წახვალთ ტყვეობაში და გულარხეინთა ღრეობა გადაივლის.
8
თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
9
და იქნება: ათი კაციც რომ დარჩნენ ერთი გვარიდან, ისინიც დაიხოცებიან.
10
და აიყვანს კაცს მისი ჭირისუფალი ან ნათესავი, რომ გაიტანოს მისი ძვლები სახლიდან და ჰკითხავს სახლში დამალულს: არის კიდევ ვინმე შენთანო? უპასუხებს: ცოცხალია უფალი, არავინო! და ეტყვის: ჩუმად, რადგან არ უნდა იხსენებოდეს უფლის სახელი!
11
რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დასცემს დიდ სახლს ნატეხებად და პატარას - ნამსხვრევებად.
12
განა ირბენს ცხენი კლდეებზე? განა მოიხვნება კლდე ხარებით? გესლად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.
13
ამაო ნივთებით ხარობთ და გაიძახით: განა ჩვენი შეძლებით არ ავიმაღლეთო რქანი?
14
ხალხს გამოვიყვან შენზე, ისრაელის სახლო, - ამბობს ცაბაოთ უფალი - რომელიც დაგჯაბნის ხამათის შესასვლელიდან ყარაბას წყაროებამდე.