მცირე წინასწარმეტყველები
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 7
1
ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
2
და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
3
გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა.
4
და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო.
5
ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
6
გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა ღმერთმა.
7
ასეთი ხილვა მომცა: აჰა, აღმართულ კედელთან იდგა უფალი და შვეული ეჭირა ხელში.
8
მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვუპასუხე: შვეულს. თქვა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ხალხის, ისრაელის შუაგულში და მეტად აღარ დავინდობ.
9
ისაკის მაღლობები გაუკაცურდება, ისრაელის საწმიდრები ნანგრევებად იქცევა, მახვილით აღვდგები იერობყამის სახლზე.
10
ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, შეუთვალა იერობყამს, ისრაელის მეფეს. აუწყა: შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლის შუაგულში; მიწა ვერ აიტანს მის ყველა სიტყვას.
11
ასე ამბობს ამოსი: იერობყამი მახვილით მოკვდება, ხოლო ისრაელი უსათუოდ ტყვეობაში წავაო თავისი ქვეყნიდან.
12
უთხრა ამაციამ ამოსს: წინასწარმეტყველო, წადი, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13
ნუღარ იწინასწარმეტყველებ ბეთელში, რადგან, აჰა, მეფის საწმიდარი და სამეფო სახლია ის.
14
მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი, მეჯოგე ვარ და ლეღვს ვუვლი.
15
მაგრამ წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.
16
ახლა მოისმინე უფლის სიტყვა: შენ ამბობ, ნუ იწინასწარმეტყველებ ისრაელის წინააღმდეგ და ნუ ილაპარაკებო ისაკის სახლის წინააღმდეგ.
17
ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი ქალაქში იმეძავებს, ხოლო შენი ძენი და შენი ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება და უწმიდურ მიწაზე მოკვდები; ისრაელი კი უსათუოდ ტყვეობაში წავა თავისი მიწიდან.