ბიბლია

ისტორიული წიგნები

პირველი ეზრა

თავი 1

1
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით წარმოთქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად აღძრა უფალმა კიროსის, სპარსეთის მეფის სული და მთელ თავის სამეფოში გამოაცხადა და წერილობითაც ბრძანა:
2
"ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია.
3
ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
4
დანარჩენებმა კი, ყველამ იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ, შეეწივნონ მას ვერცხლითა და ოქროთი, ქონებითა და პირუტყვით, სხვა შესაწირებთან ერთად, ღმერთის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!”
5
აღდგნენ იუდასა და ბენიამინის სახლთა მთავარნი, მღვდელნი და ლევიანნი, ყველა, ვისი სულიც აღძრა ღმერთმა, რათა იერუსალიმში ამოსულიყვნენ უფლის სახლის ასაშენებლად.
6
ყველა მათი მეზობელი ეხმარებოდა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი, ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.
7
ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა გამოეტანათ უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთების სახლში დააწყო.
8
გამოიტანა ჭურჭელი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე ხაზინადარის ხელით და შეშბაცარს, იუდას მთავარს მიუთვალა.
9
აი მათი რიცხვი: ოქროს ოცდაათი ლანგარი, ვერცხლის ათასი ლანგარი, ოცდაცხრა დანა,
10
ოქროს ოცდაათი თასი, ვერცხლის ოთხას ათი ორპირი თასი და სხვა ჭურჭელი - ათასი.
11
ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.