პავლეს წერილები
ებრაელთა მიმართ
თავი 1
1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
2
ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.
3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
4
ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
5
ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ”. ან კიდევ: "მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?”
6
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: "დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.
7
ანგელოზებზე კი ამბობს: "ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს - ცეცხლის ალად”.
8
ხოლო ძეზე: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
10
და: "შენ დააფუძნე, უფალო, თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია.
11
ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები; და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
12
მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება”.
13
ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”
14
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?