ბიბლია

დიდი წინასწარმეტყველები

ესაია წინასწარმეტყველი

თავი 48

1
ისმინე იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წელიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით;
2
რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებით და ისრაელის ღმერთს ეყრდნობით; ცაბაოთ უფალია მისი სახელი!
3
დიდი ხნის წინ განვაცხადე წინანდელნი, ჩემმა პირმა წარმოსთქვა და მე განვაცხადე; უცაბედად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.
4
რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ, რკინის მყესები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
5
ამიტომ თავიდანვე გამცნე, გამოგიცხადე, ვიდრე აღსრულდებოდა, რომ არ გეთქვა: "ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკმა ბრძანაო ასე!”
6
მოგისმენია და შეგიხედავს ამ ყველაფრისთვის, ნუთუ არ აღიარებ ამას? ამიერიდან გიცხადებ ახალს, დაფარულს, რაც არ იცოდი.
7
ახლა შეიქმნენ ისინი და არა დიდი ხნის წინათ; და დღემდე არაფერი გსმენია მათზე, რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’
8
არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონდა გახსნილი, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი და მეამბოხე გერქვა დედის მუცლიდანვე.
9
ჩემი სახელის გამო ვაყოვნებ ჩემს რისხვას და ჩემი ხოტბისთვის ვაკავებ მას, რომ არ მოიკვეთო.
10
აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა ვერცხლივით; ტანჯვის ქურაში გამოგცადე.
11
ჩემ გამო, ჩემ გამო ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.
12
მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო მოწოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!
13
დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
14
შეიკრიბეთ ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა კიროსი; იგი აღასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველთა წინააღმდეგ იქნება მისი მკლავი.
15
მე, მე ვილაპარაკე და, დიახ, მე მოვუწოდე მას, მოვიყვანე და მოვუმართე გზა.
16
მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.
17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;
18
ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
19
ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი შთამომავლობა; არ მოიკვეთებოდა მათი სახელი და არ განადგურდებოდა ჩემს წინაშე.
20
გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: "გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!”
21
არ მოსწყურებიათ, როცა უდაბნოებში ატარებდა, კლდიდან გადმოუდინა წყალი, კლდე გააპო და გადმოხეთქა წყალმა.
22
"არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი.