დიდი წინასწარმეტყველები
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 47
1
უფლის სიტყვა, რომელიც ესმა წინასწარმეტყველ იერემიას ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დასცემდა.
2
ასე ამბობს უფალი: "აჰა, წყლები მაღლდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრებად გადაიქცევიან. და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. იკივლებენ ადამიანები, იქვითინებენ ქვეყნის მცხოვრებნი,
3
მისი ძლიერი ცხენების თქარუნის, მისი ეტლების გრუხუნის, მისი ბორბლების გრიალის გამო. მამები ვეღარ ბრუნდებიან შვილებისკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები.
4
მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს.
5
გამელოტდა ღაზა, დაინგრა აშკელონი; მათი ხეობების ნაშთო, როდემდე დაიკაწრავ თავს?
6
ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!
7
როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.