ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

იობი

თავი 29

1
განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:
2
"ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
3
როცა თავს ზემოთ მისი ლამპარი მინათებდა და მისი სინათლით დავდიოდი ბნელში;
4
ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს, როცა ღვთის მეგობრობა იცავდა ჩემს კარავს.
5
როცა ჯერ კიდევ ყოვლადძლიერი იყო ჩემთან და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ;
6
როცა რძეში ვიბანდი ფეხებს და კლდიდან მოედინებოდა ჩემთვის ზეთის ნაკადები!
7
ქალაქის კარიბჭესთან გავიდოდი და მოედანზე ვიმზადებდი სავარძელს;
8
დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
9
მთავარნი თავს იკავებდნენ საუბრისგან და პირზე ხელს იფარებდნენ;
10
დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11
ყური მისმენდა და მაკურთხებდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
12
რადგან მიხსნია ღატაკი - შველას რომ ითხოვდა და ობოლი - შემწე რომ არ ჰყავდა;
13
მომაკვდავი კაცი მაკურთხებდა და ქვრივის გულს ვახარებდი;
14
სიმართლით ვიმოსებოდი, მართლმსაჯულება მქონდა მოსასხამად და სამართალი იყო ჩემი თავსაბურველი.
15
ბრმისთვის თვალები ვიყავი და კოჭლისთვის - ფეხები;
16
გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;
17
ბოროტი კაცისთვის ყბები დამილეწავს და კბილებიდან გამომიგლეჯია მიტაცებული;
18
ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.
19
ჩემი ფესვები წყლამდეა გაშლილი და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20
დიდება ჩემი არ ჭკნება და მტკიცეა მშვილდი ჩემს ხელში;
21
კაცები მისმენდნენ და მელოდებოდნენ, დუმდნენ ჩემს რჩევაზე;
22
ჩემი სიტყვის შემდეგ ხმას აღარ იღებდნენ, ღრუბელივით ისრუტავდნენ ჩემს ნათქვამს;
23
წვიმასავით მელოდნენ და როგორც ნაგვიანევ წვიმას, პირს მიშვერდნენ.
24
გავუცინებდი და არ ეჯერათ, ჩემი სახის ნათელს არ აკნინებდნენ;
25
გზებს ვურჩევდი მათ და ვთ­ავკაცობდი, ვმკვიდრობდი, როგორც მეფე მხედრობაში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!