ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

იობი

თავი 30

1
"ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
2
რაღაში მჭირდება მათი ხელების ძალა? დაილია მათი ძლიერება;
3
ნაკლოვანებითა და შიმშილით დაუძლურებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დაცარიელებულსა და გახრიოკებულ ტრამალებში;
4
მწარე ბალახს წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური.
5
კაცთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;
6
უდაბურ ხეობებში და მიწის ნაპრალებში ცხოვრობენ,
7
ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარში შეყუჟულან;
8
განდევნილი იყვნენ ქვეყნიდან უგუნურთა და უსახელოთა ძეები!
9
ახლა მათი საშაირო და სალაპარაკო გავხდი;
10
ვეზიზღები, გამირბიან და სახეში ფურთხებასაც არ ერიდებიან;
11
რადგან მან ახსნა საბელი და დამტანჯა, პირწინ დამიგდეს აღვირი;
12
მარჯვნივ მათი ნაშიერნი აღმიდგნენ, ფეხები ამიბლანდეს და ჩემკენ მომართეს თავიანთი წარწყდომის გზები;
13
გზასავალი დამინგრიეს, ჩემი უბედურებით სარგებლობენ, არავინ აკავებს მათ.
14
ფართო ხვრელიდან გამოექანნენ ჩემკენ, გრიალით დამეცნენ,
15
საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით გადაიქროლა ჩემმა დი­დებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.
16
ახლა კი იღვრება ჩემში სული ჩემი და ტანჯვის დღეები მეჭიდებიან.
17
ღამით ძვლები მტეხს და ტკივილი მღრღნის, არ მიამდება;
18
დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსელს, კვართის საყელოსავით მიჭერს მოსასხამი;
19
ლაფში მისროლა და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.
20
შემოგღაღადებ და პასუხს არ მცემ; ვდგავარ და არაფრად მაგდებ.
21
სასტიკი გახდი ჩემ მიმართ; მდ­ევნი შენი ხელის ძლიერებით.
22
ამწიე და ქარზე ამამხედრე, დამაქროლებ და მაცამტვერებ;
23
ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.
24
ნანგრევებში მყოფს ხელს არავინ უწვდის, როცა საშველად მოუხმობენ თავიანთი უბედურების დროს.
25
განა არ მიტირია უბედურისთვის? არ დამიმწუხრებია სული ღარიბ-ღატაკისთვის?
26
როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.
27
შიგნეული მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვის დღეები დამიდგა;
28
მგლოვიარე დავდივარ უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და საშველად შემოგღაღადებ;
29
ტურებს გავუხდი ძმად და სირაქლემას დავუმეგობრდი.
30
კანი გამიშავდა და სიცხისგან ძვლები მივარვარებს.
31
გოდებად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად - ჩემი სალამური.