ბიბლია

ხუთწიგნეული

ლევიანნი

თავი 3

1
თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე.
2
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
3
შესწიროს უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან საცეცხლო შესაწირად: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რაც შიგნეულობაზეა.
4
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
5
დააკმიონ იგი აჰარონის ძეებმა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე, შეშის ზემოთ დევს; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისთვის.
6
თუ ფარიდან იქნება მისი მსხვერპლი, სამშვიდობო შესაწირად უფლისთვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს.
7
თუ კრავს სწირავს, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
8
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
9
სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს: მისი ქონი, მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
10
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
11
და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, შესაწირი უფლისთვის.
12
თუ თხაა მისი შესაწირი, შესწიროს იგი უფლის წინაშე;
13
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
14
შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
15
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
16
დააკმიოს ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, კეთილსურნელება. მთელი ქონი უფლისაა.
17
სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.