ბიბლია

მცირე წინასწარმეტყველები

მიქა წინასწარმეტყველი

თავი 3

1
ვთქვი: ისმინეთ, იაკობის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო; განა თქვენი ვალი არაა სამართლის ცოდნა?
2
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
3
ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ; ძვლებს უმტვრევთ და ანაკუწებთ, როგორც ქოთანში და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.
4
მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.
5
ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, გზა-კვალს რომ ურევენ ჩემს ხალხს; კბილებით საჯიჯგნს მისცემ და მაშინვე მშვიდობას ქადაგებენ, მაგრამ პირში ჩასადებს თუ არაფერს მისცემ, მაშინვე ომს აცხადებენ.
6
ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვათა გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე. მზე ჩავა წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაბნელდება.
7
გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.
8
მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს - მისი ცოდვა.
9
ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო, სამართალი რომ შეგიძულებიათ და ყოველივე სწორი გაგიმრუდებიათ.
10
სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.
11
ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: "განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!”
12
ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი - ტყიან მაღლობად.