სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 18
1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
2
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას.
3
თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არ ისმის არსად.
4
მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი
5
და ნეფესავით გამოდის საქორწინო პალატიდან; გმირივით ხარობს გზის გარბენას.
6
ცათა ერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი - მეორე კიდემდე; ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.
8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.
10
ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
11
მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.
12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
13
განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქნები და თავს დავაღწევ დიდ დანაშაულს.
14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.