ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 25

1
განმსაჯე, უფალო, რადგან ჩემი სიწრფელით დავდიოდი, უფალზე ვარ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2
შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.
3
რადგან შენი წყალობა მიდგას თვალწინ და შენს ჭეშმარიტებაში დავდივარ.
4
არ დავჯდები სიცრუის მოყვარულებთან და არ მივალ მზაკვრებთან.
5
მძულს უკეთურთა კრებული, ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6
უბიწოებით დავიბან ხელებს და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7
რათა გიგალობო მადლიერებით და ყველა შენი სასწაული გამოვაცხადო.
8
უფალო, მიყვარს შენი სახლის სამყოფელი და შენი დიდების სამკვიდრებელი ადგილი.
9
ნუ მომსპობ ცოდვილებთან ერთად და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმღვრელებთან.
10
რომელთაც ხელთ მზაკვრობა უპყრიათ და მარჯვენა ქრთამით აქვთ სავსე.
11
მე კი ჩემს უბიწოებაში ვივლი; გამომისყიდე და მადლი მაპოვნინე.
12
სწორ ადგილზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვაკურთხებ უფალს.