სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 27
1
შენ მოგიხმობ უფალო, სიმაგრევ ჩემო! ნუ დადუმდები; ვაი, თუ დადუმდე და საფლავში ჩასულს დავემგვანო.
2
ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.
3
ნუ დამღუპავ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელებთან, რომლებიც მშვიდობაზე ლაპარაკობენ მოყვასთან, გულში კი სიავე უდევთ.
4
მიუზღე მათ თავისი საქმეებისა და ბოროტმოქმედებისამებრ; მათი ხელის ნამოქმედარის შესაფერისად მიუზღე და დამსახურებისამებრ გადაუხადე.
5
რადგან არაფრად აგდებენ უფლის საქმეებსა და მის ხელთა ნამოქმედარს. ის დაანგრევს მათ და არ ააშენებს.
6
კურთხეულ იყოს უფალი, რადგან შეისმინა ჩემი ვედრების ხმა.
7
უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
8
უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.
9
იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრებელი; იყავი მათი მწყემსი და საუკუნოდ უწინამძღვრე მათ.