ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 38

1
ვთქვი - დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.
2
დავმუნჯდი და ხმას არ ვიღებდი, სიკეთეზეც აღარ ვლაპარაკობდი, მაგრამ გამიძლიერდა ვაება.
3
გახურდა გული ჩემ შიგნით, ცეცხლი აღმეგზნო აზრებში და ავლაპარაკდი ჩემი ენით:
4
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.
5
აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; დიახ, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე.
6
ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
7
და ახლა, რაღას ველი, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
8
მიხსენი ჩემი ყოველი დანაშაულისგან, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღად.
9
დავმუნჯდი, ბაგეს აღარ ვხსნი, რადგან შენ ჰქმენ ასე.
10
ამარიდე შენი დარტყმები; შენი ხელის დარტყმებისგან ვიღუპები.
11
მხილებებით დასჯი ადამიანს ცოდვისთვის, ჩრჩილივით შეჭამ ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია; ჭეშმარიტად, ამაოებაა ყოველი კაცი.
12
ისმინე ჩემი ლოცვა უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, როგორც ჩემი მამა-პაპა.
13
თვალი ამარიდე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.