ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 45

1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
2
ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.
3
თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.
4
მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას.
5
ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი.
6
ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება - დედამიწა.
7
ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
8
მოდით და იხილეთ უფლის საქმენი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
9
ის შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ცეცხლით გადაბუგავს ეტლებს.
10
შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდები ერებს შორის, ავმაღლდები დედამიწაზე.
11
ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.