ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 47

1
დიადია უფალი და დიდად საქებარი, ჩვენი ღმერთის ქალაქში, მის წმიდა მთაზე.
2
მაღალია და მშვენიერი, მთელი ქვეყნიერების სიხარულია მთა სიონისა ჩრდილოეთის კიდეზე; დიდი მეფის ქალაქია იგი.
3
ცნობილია ღმერთი თავის სამკვიდრებელში, როგორც სიმაგრე.
4
რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და საომრად გამოვიდნენ,
5
მაგრამ ნახეს სიონი და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაიქცნენ.
6
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.
7
აღმოსავლეთის ქარით დაამსხვრიე შენ თარშიშის ხომალდები.
8
როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ - ცაბაოთ უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე.
9
შენი ტაძრის შუაგულში შენს წყალობაზე ვფიქრობდით, ღმერთო.
10
როგორც შენი სახელი, შენი ქებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა ღმერთო; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
11
დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდას ქალწულებმა შენი სამართალის გამო;
12
ყოველი მხრიდან მიეახლეთ და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
13
დააკვირდით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
14
რადგან ასეთია ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წარგვიძღვება ჩვენ სიკვდილამდე.