ბიბლია

გამოცხადება

იოანეს გამოცხადება  

თავი 10

1
და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ზეციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით; მისი სახე იყო, როგორც მზე, ხოლო ფეხები - როგორც ცეცხლის სვეტები.
2
ხელში გადაშლილი მომცრო წიგნი ეჭირა, მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა - მიწას;
3
და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.
4
და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: "დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.
5
ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;
6
და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.
7
მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.
8
ხმა, ზეციდან რომ მესმა, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: "მიდი და აიღე გადაშლილი მომცრო წიგნი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგარ ანგელოზს უჭირავს ხელში”.
9
მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: "მომეცი მომცრო წიგნი”. მან მითხრა: "აიღე და შეჭამე იგი, და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბილება”.
10
ავიღე მომცრო წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და პირში თაფლივით ტკბილი იყო; მაგრამ შევჭამე და მუცელი გამიმწარდა.
11
მითხრა: "კვლავ მოგიწევს იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე”.