პავლეს წერილები
რომაელთა მიმართ
თავი 12
1
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
4
რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს;
5
ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.
6
და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად.
7
თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში.
8
თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.
9
სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.
10
ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
11
გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
12
იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14
ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15
მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16
ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;
17
არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.
18
თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.