ბიბლია

მცირე წინასწარმეტყველები

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 3

1
დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის.
2
უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3
გაბინძურებული სამოსელი ეცვა იესოს და ანგელოზის წინაშე იდგა.
4
მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ გაბინძურებული სამოსელი! კიდევ უთხრა: აჰა, განგაშორე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსე.
5
თქვა: სუფთა თავსაბურველი დაახურეთ თავზე. დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და სამოსელით შემოსეს. უფლის ანგელოზი კი იდგა.
6
გააფრთხილა უფლის ანგელოზმა იესო და უთხრა:
7
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და მე მემსახურები, ჩემს სახლს გაუძღვები და ჩემს ეზოებს ადევნებ თვალყურს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომთა მსგავსად.
8
ისმინე, მღვდელმთავარო იეშუა, შენ და ყველა შენმა მეგობარმა, შენს წინ რომ სხედან, ისინი ხომ ნიშნის მოწმენი არიან, რადგან, აჰა, მოვავლენ ჩემს მსახურს - მორჩს.
9
რადგან, აჰა, ქვა, რომელიც იეშუას წინ დავდე; შვიდი თვალია ამ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთ მასზე წარწერას - ამბობს ცაბაოთ უფალი - და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10
იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - ყველა თქვენგანი მიიწვევს თავის მოყვასს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.